დიუშენის წამალი ევროპაში მუშაობს, საქართველოში „რისკები აქვს“ – სამინისტროს აზრით, ჩვენი ბავშვები ფრანგებისგან განსხვავდებიან
წარმოიდგინეთ სცენა: ქალაქის ცენტრში დგანან ადამიანები. არ ითხოვენ ოქროს, არც პანამის არხის გაყიდვას. სულ რაღაც წამალს, რომელმაც მათი შვილები უნდა გადაარჩინოს.
პასუხად კი? პოლიციის კორდონი და მთავრობა, რომელიც 3 თვეა „ვერ იცლის“ მათთან შესახვედრად. ბიუროკრატიის უმაღლესი პილოტაჟი – როცა მოქალაქეებს ბავშვების სიცოცხლეზე სასაუბროდ პრემიერთან შეხვედრა სამ თვეზე მეტხანს ეღირება, ვიდრე უსაქმური თოჯინების თეატრის ბილეთი.
მინისტრთა კაბინეტში, როგორც ჩანს, ახალი, ჯერ კიდევ გაუგებარი ტერმინი შემოიღეს: „ქართული ბავშვების უნიკალური რისკები“. რადგან წამალი, რომელიც ამერიკასა და ევროპაში, მათ შორის საფრანგეთში, დიუშენის დიაგნოზით მცხოვრებ ბავშვებს სიცოცხლეს უხანგრძლივებს, ჩვენთან „უსაფრთხო არ არის“. ალბათ, ქართულ მიწასა და წყალს რაღაც განსაკუთრებული თვისებები აქვს, რომელთა შესახებ FDA-ს (აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია) წარმოდგენაც არ აქვს.
მშობლები კი, რომლებსაც ეს „უცნაური“ ლოგიკა ვერ გაუგიათ, უბრალოდ ირჩევენ სიცოცხლეს. ირჩევენ იმას, რასაც სხვა ქვეყნების მშობლები ირჩევენ – შვილების გადარჩენას. ისინი აცხადებენ, რომ თუ სახელმწიფო კარავს ვერ ხედავს, ბავშვებს მითუმეტეს.
სანამ მთავრობა თეორიულ „რისკებზე“ მსჯელობს, საქართველოში ყოველწლიურად 1-დან 3-მდე ბავშვი კვდება დიუშენის დიაგნოზით. მშობლები კი, მზად არიან 24 საათი იდგნენ ადმინისტრაციის წინ, კარვებითაც კი, მიუხედავად იმისა, რომ შსს „არ აძლევს ნებართვას“ სიცოცხლისთვის ბრძოლაზე.
თუ მთავრობა ვერ ხედავს, საზოგადოებამ უნდა დაანახოს. შაბათის მარში, რომელიც 18 აპრილს გაიმართება, გვიჩვენებს, ვის მხარესაა ქვეყანა – ბიუროკრატიის თუ ბავშვების.